Tuesday, December 13, 2022

კოლეგებთან მუშაობა

 

 

შეხვედრის მიმდინარეობის აღწერა და დასწრების ფურცელი

შეხვედრა №1

შეხვედრის ხანგრძლივობა 3საათი

მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა - 9

თარიღი

08.11.2018 წელი.               14:00სთ. – 17:00სთ.

შეხვედრის მიზანი

ü  მასწავლებელმა აიმაღლოს პროფესიული ცოდნა, გაეცნოს  სხვადასხვა ტიპის სასწავლო გეგმებს.

ü  გაეცნოს სტანდარტული გაკვეთილის გეგმის ძირითად კომპონენტებს

შეხვედრის ძირითადი საკითხები

ü  დაგეგმვის მიზანი;

ü  სასწავლო გეგმის ტიპები;

ü  გაკვეთილის ეტაპები;

ü  გაკვეთილის დაგეგმვის აუცილებელი კომპონენტები;

ü  როგორ დავგეგმოთ კონსტრუქტივისტული გაკვეთილი;

აქტუალობა

    სასწავლო პროცესის დაგეგმვა რთული და მნიშვნელოვანი საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სკოლა მოსწავლეთა აქტიურ სწავლაზე, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. ამიტომაც გაკვეთილის სწორად დაგეგმვა მასწავლებლის საქმიანობის აუცილებელი ელემენტია, ხოლო დაგეგმბის ხარისხი - პროფესიული კომპეტენციის ერთ-ერთი უმთავრესი მაჩვენებელი.  ჩემი რამდენიმე კოლეგა გეგმავს შიდა შეფასების ჯგუფისთვის (სამოდელო) საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარებას, გადავწყვიტე დავეხმარო მათ, რათა წარმატებით შეძლონ შიდა დაკვირვების გავლა და პროფესიული წინსვლა.

შეხვედრის მიმდინარეობის დროს განსახილველი საკითხების მოკლე მიმოხილვა

რა მიზანს ემსახურება დაგეგმვა?

  სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, რაც სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს. დაგეგმვა ასევე ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზებას, მის გამდიდრება-გამრავალფეროვნებას, განახლებასა და დახვეწას.

 

რა ტიპის სასწავლო გეგმებს ვიცნობთ?

1.       საგნის გეგმა (სილაბუსი) -ეს არის ზოგადი ჩარჩო, რომლის ძირითადი კომპონენტებია:

ü  წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი;

ü  წლის განმავლობაში განსახილველი საკითხები თანმიმდევრულად დალაგებული და დაჯგუფებული;

ü  თითოეული საკითხის ბოლოს მისაღწევი შედეგი;

ü  სასწავლო მასალა;

ü  ძირითადი მეთოდები;

2.       თემის გეგმა - მოიცავს წლის განმავლობაში განსახილველ მსხვილ თემებს, რომლის შემადგენელი ძირითადი კომპონენტებია:

ü  თემის სათაური, რომელიც საგნის გეგმიდან და ესგ-დან ამოდის;

ü  თითოეული თემის შესწავლის მიზანი, ამოცანები, მისაღწევი შედეგები;

ü  განსახილველი თემის მოკლე შინაარსი;

ü  გამოსაყენებელი აქტივობები და სასწავლო მეთოდები;

ü  საჭირო სასწავლო მასალა;

ü  შეფასების სისტემის აღწერა - შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები;

ü  განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლის არსებობის შემთხვევაში ისგ-ის ადაპტირება;

ü  თვითშეფასება;

3.       კვირის გეგმა - არის მოკლე და კონკრეტული დოკუმენტი, რომელსიც გაწერილია კვირის განმავლობაში შესასწავლი საკითხები, და მათი შესწავლის კონკრეტული სტრატეგიები;

4.       გაკვეთილის გეგმა - აღწერს კონკრეტული გაკვეთილის დაწყების წუთიდან დასასრულამდე. იგი შედგება სამი ეტაპისაგან:

გაკვეთილის ეტაპები

1.       გამოწვევა (შესავალი) - რომელიც გულისხმობს მოცემულ საკითხზე, საგანზე ან მოვლენაზე არსებული ცოდნის, შთაბეჭდილებების გააქტიურებას. მოსწავლეები იხსენებენ იმას, რაც იციან შესასწავლი საკითხის ირგვლივ. იწყებენ ახალ თემაზე ფიქრს. ხდება მოსწავლეთა გააქტიურება, ინტერესის გაზრდა, რაც საკითხის კვლევის პროვოცირებას უწყობს ხელს.

2.       სიღრმისეული წვდომა (მასალის მიწოდება) - იგი შესასწავლი საკითხის შინაარსის გაგებასა და აღქმას უწყობს ხელს. მოსწავლე ეცნობა ახალ ინფორმაციას ტექსტის წაკითხვის, აუდიო და ვიდეო მასალის გაცნობის, ცდების ჩატარების საშუალებით. ამ ეტაპზე ხდება არსებული ცოდნისა და ახალი ინფორმაციის შეჯერება. სიღრმისეული წვდომის უპირველესი ამოცანაა “გამოწვევის ფაზაზე“ გაღვიძებული ინტერესის შენარჩუნება და განმტკიცება

3.       გააზრების, რეფლექსიის ეტაპზე მოსწავლეები ამთლიანებენ არსებულ და ახლად მიღებულ ცოდნას, ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მსჯელობა.

რა ძირითადი კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს გაკვეთილის გეგმა?

(გაკვეთილის დაგეგმვის კომპონენტებზე  დაწვრილებით გვექნება საუბარი.)

ü  თემა;

ü  მიზანი;

ü  აქტივობები (შესაბამისი გაკვეთილის მიზათან);

ü  სასწავლო მეთოდები (შესაბამისი აქტივობასთან);

ü  სასწავლო რესურსები;

ü  თითოეული აქტივობისთვის საჭირო დრო;

ü  კლასის ორგანიზების ფორმები;

ü  თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი სავარაუდო შედეგი;

ü  შეფასება - გაკვეთილის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეფასების კონკრეტული მეთოდები;

ü  გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი;

ü  თვითშეფასება.

როგორ დავგეგმოთ კონსტრუქტივისტული გაკვეთილი?

ü  კონსტრუქტივიზმის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ვასწავლოთ მოსწავლეებს ძველი და ახალი ცოდნის შედარების მეშვეობით ახალი ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა, დამოუკიდებლად აზროვნება, ცოდნის კონსტრუირება - შენება.

ü  კონსტრუქტივიზმის მიხედვით, მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა. სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდოლოგია გულისხმობს სწავლების პროცესში მოსწავლეთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას, მათ წახალისებას, რათა მათ შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი და ინტერპრეტაცია.

ü  კონსტრუქტივისტული გაკვეთილი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს თავად ააგონ ცოდნა, იპოვნონ მნიშვნელობები, დაამყარონ საგნებს შორის კავშირი და შეძლონ ანალიზი. მასწავლებელი კონსტრუქტივისტული სწავლებისას არის პროცესის დამგეგმავი, წარმმართველი, შემფასებელი და ხელისშემწყობი.

სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის ძირითადი პრინციპები

ü  სწავლა აქტიური პროცესია, მოსწავლე აგებს ცოდნას მასწავლებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. სწავლება უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში. მოსწავლე ყველაზე უკეთ ითვისებს მაშინ, როდესაც საკუთარი გამოცდილების მეშვეობით წყვეტს პრობლემას;

ü  სწავლების გამოყენება, მაგ. ჯგუფური მუშაობები დისკუსიები...

ü  სწავლა ყოველთვის გულისხმობს კონტექსტს. მოსწავლე ყველაზე კარგად ითვისებს მაშინ, როდესაც ახალი ინფორმაცია კავშირშია უკვე ნასწავლთან

სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის შემადგენელი ნაწილები

ü  ახალი იდეების დაკავშირება არსებულ ცოდნასთან.

ü  მოდელირება - მასწავლებელი მიმართავს რთულ დავალებას და ცდილობს მოსწავლეთათვის თვალსაჩინო გახადოს ის ნაბიჯები, რომლებიც ამ დავალების შესასრულებლადაა საჭირო;

ü   ”ხარაჩოს” მეთოდი - მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლებს მოსწავლეებს, რომელთა გაკეთებაც, დახმარების გარეშე, გაუჭირდებათ ბავშვებს. მასწავლებელი სხვადასხვა ხერხით ეხმარება მათ, დახმარების წილს თანდათან ამცირებს და საბოლოოდ, მოსწავლეები თავად ახერხებენ საქმისათვის თავის გართმევას;

ü  რეფლექსია - მოსწავლეები ახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის ანალიზს. ეს ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. სხვაგვარად ამ პროცესს ”მეტაკოგნიცია” , ანუ სწავლის პროცესის გაანალიზება ეწოდება.

ü  თანამშრომლობა - კონსტრუქტივისტული მიდგომა გულისხმობს ურთიერთსწავლებას, ერთობლივ მუშაობას;

ü  არჩევანი - მოსწავლეებს ეძლევათ არჩევანის საშუალება, რაც ხელს შეუწყობს სწავლის პროცესს, გაიზრდება ინტერესი და ჩართულობა სასწავლო პროცესისადმი.

ü  მოქნილობა - კონსტრუქტივისტული მეთოდის თანახმად, მასწავლებელი საჭიროებისამებრ მოქნილად ცვლის გაკვეთილის მიმართულებას.

ü  ადაპტაციის უნარი - მასწავლებელს უნდა შეეძლოს სასწავლო მიზნებისა და ამოცანების ადაპტირება მოსწავლეთა შესაძლებლობებთან.

ü   მრავალმხრივი რეალობა - მრავალმხრივი რეალობის გააზრება დაეხმარება მოსწავლეებს გაიგონ, რომ ყოველთვის ერთი სწორი პასუხი არ არსებობს. ეს უვითარებს მოსწავლეს კრიტიკულ აზროვნებას.

 

შეჯამება

სასწავლო პროცესის ხშირად დაგეგმვა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი პირობაა. გეგმა საკმაოდ მოქნილი უნდა იყოს, რათა მასწავლებელმა შეძლოს სასწავლო პროცესის მუდმივი განვითარება;

 

 

შეხვედრა №2

შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი

მონაწილე მასწავლებელების რაოდენობა - 9

თარიღი

15.11.2018 წელი.         14:00სთ. – 16:00სთ.

შეხვედრის მიზანი

ü  გაკვეთილის გეგმების ერთობლივი შემუშავება;

ü  სტანდარტული გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გაცნობა;

შეხვედრის ძირითადი საკითხები

ü  გაკვეთილის გეგმის შედგენა (პრაქტიკული მუშაობა);

ü  გაკვეთილის ნიმუშის განხილვა;

აქტუალობა

      საკუთარი გაკვეთილის დაგეგმვას მასწავლებელი ძირითადად თავად ახორციელებს, მაგრამ თანამშრომლობა კოლეგებთან აუცილებელია. სხვა მასწავლებლებთან ერთად მუშაობა და იდეების გაზიარება პროფესიონალიზმის ზრდის საუკეთესო გზაა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივად შემუშავებული გეგმა ბევრად უფრო დახვეწილი პროდუქტია,რადგან რაც მეტი პედაგოგი ერთვება აღნიშნულ პროცესში, ხარისხობრივად მით უფრო სრულყოფილ გეგმას მივიღებთ.

მასწავლებლები მუშაობენ პრაქტიკულად, ხდება გაკვეთილის გეგმებზე მუშაობა, შემდეგი მითითებების გათვალისწინებით:

რა უნდა გავითვალისწინოთ გაკვეთილის მიზანის დასახვისას?

მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ამოირჩევს გაკვეთილის თემას, იგი აყალიბებს გაკვეთილის მიზანს. სასწავლო მიზნები უნდა გამომდინარეობდეს:

ü  ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან. მაშასადამე, სასწავლო მიზნები გამოხატავენ, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები უნდა შეიძინონ მოსწავლეებმა სწავლის პროცესში;

ü  მოსწავლეთა საჭიროებიდან, მოთხოვნილებებიდან და ინტერესებიდან;

როგორ უნდა იყოს ჩამოყალიბებული მიზანი?

მიზანი უნდა იყოს ფორმულირებული კონკრეტულად, მარტივად და რეალისტურად. რა ძირითადი ზმნები უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა მიზნის ფორმულირებისას? გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები: გაიგებენ, ახსნიან, აღწერენ, შეადარებენ, შექმნიან, გააანალიზებენ, პრობლემას გადაჭრიან, შეაფასებენ, გამოიკვლევენ და ა.შ.

მაშასადამე, მიზანი:

ü  უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტებული (ხაზგასმული უნდა იყოს, რას ველით მოსწავლისაგან);

ü  აღწერდეს შესაბამის სასწავლო შედეგს (განვითარების მხრივ შესაბამისსა და შესაბამისს თანმიმდევრობით, ასევე უფრო კომლექსურ მიზნებს, რომლებიც მოჰყვება აუცილებელ მიზნებს);

ü  იყოს ნათელი და გასაგები (არც ძალიან ზოგადი და არც ძალიან სპეციფიკური);

ü  უნდა იყოს გაზომვადი და შეფასებადი, ანუ უნდა შეიძლებოდეს დაკვირვება და გაზომვა.

აქტივობები და მეთოდები

ü  აქტივობას დაესმის კითხვა რას ვაკეთებ? მაგ. მასწავლებელი კლასთან ერთად შეიმუშავებს ჯგუფური მუშაობის წესებს - არის აქტივობა;

ü  თუ დაესმის კითხვა როგორ ვაკეთებ? ე.ი. რა დიდაქტიკური ხერხით ვახორციელებ ამ აქტივობას, ეს არის მეთოდი. მაგ. მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის წესებს შეიმუშავებს ”აპოლო ტექნიკით”. აპოლო ტექნიკა არის მეთოდი;

აქტივობების შერჩევისას დაფიქრდით:

ü  თქვენ მიერ ამორჩეული აქტივობები დაგეხმარებათ თუ არა დასახული მიზნის მიღწევაში?

ü   მიზნის მისაღწევად რას გააკეთებთ თქვენ (მასწავლებლის აქტივობა) და რას გააკეთებენ მოსწავლეები (მოსწავლის აქტივობა)?

ü   რამდენი აქტივობა მიგიყვანთ მიზნამდე?

ü   როგორი იქნება აქტივობების თანმიმდევრობა?

ü  შეესაბამება თუ არა თქვენ მიერ შერჩეული აქტივობა მოსწავლეების ცოდნასა და უნარებს, მათ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას;

სასწავლო მეთოდების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს:

ü  მისი შესაბამისობა აქტივობასთან;

ü   კლასის ორგანიზების ფორმასთან;

ü  ტექნიკურად მისი განხორცილების შესაძლებლობა;

თითოეული აქტივობისა და გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები.

როდესაც მასწავლებელი მიზნის მისაღწევად ირჩევს შესაბამის აქტივობებსა და მეთოდებს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, თითოეული ამ აქტივობისა და მეთოდის გამოყენება მოსწავლეებში რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს, ე.ი. თითოეულ აქტივობას რა შედეგზე გაყავს მოსწავლეები. ყოველი აქტივობის ბოლოს მიღწეულ შედეგებს მოსწავლეები უნდა მიყავდეს გაკვეთილის ბოლოს მისაღწევ შედეგებამდე; საიდანაც, თავის მხრივ, უნდა გამომდინარეობდეს გაკვეთილის მიზანი.

მოსწავლეების ორგანიზება

 დაგეგმვისას გასათვალისწინებელია, როგორ მოვახდინოთ მოსწავლეების ორგანიზება და როგორ მივუსადაგოთ სამუშაო მათ შესაძლებლობებს? როგორ ვამუშავებთ მოსწავლეებს ინდივიდუალურად, წყვილებში, ჯგუფებსა თუ მთელ კლასთან ერთად.

რესურსები

ü  სასწავლო რესურსების სწორად შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სასწავლო პროცესის ეფექტიანად წასამართად.

ü  გასათვალისწინებელია, რა ტიპის რესურსებს გამოვიყენებ (სახელმძღვანელოს, ჟურნალებს, სტატიებს, სამუშაო ფურცლებს, ტელეფილმებს, ინტერნეტს და ა.შ).

შეფასება

ü  იმისათვის, რომ მასწავლებელმა განსაზღვროს გავიდა თუ არა სასურველ შედეგზე, აუცილებელია, მან შეამოწმოს სასწავლო შედეგები. გაკვეთილის გეგმაში ასახული უნდა იყოს შეფასების რა ტიპებისა და მეთოდების გამოყენებას აპირებს პედაგოგი კონკრეტულ გაკვეთილზე.

თვითშეფასება

ü  ყოველი გაკვეთილის გეგმას უნდა ახლდეს მასწავლებლის თვითშეფასების ცხრილი. ყოველი გაკვეთილის ბოლოს, როდესაც მასწავლებული ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიას აკეთებს, უნდა გააანალიზოს რა იყო კარგი, რაც დაეხმარა შედეგზე გასასვლელად და რამ დააბრკოლა. რისი გაუმჯობესებაა სასურველი.

ü  შეფასების შედეგებისა და თვითშეფასების გათვალისწინებით მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა შეიტანოს გარკვეული ცვლილებები და დამატებები გაკვეთილის გეგმაში.

გაკვეთილის გეგმის ნიმუშის განხილვა

ხდება სანიმუშო გაკვეთილის გეგმის საფუძველზე, მასწავლებელბის მიერ შემუშავებული გეგმების შედარება/განხილვა.

რეკომენდაცია:

ü  მაგრამ რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს გაკვეთილის გეგმა, მაინც ადაპტირებას საჭიროებს კონკრეტულ სიტუაციასთან მიმართებაში. გეგმის ადაპტაცია შეიძლება მოხდეს გაკვეთილის ჩატარებამდე, ან ამის შემდეგ.

ü   არ არსებობს ისეთი უნივერსალური გეგმა, რომელიც თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს პასუხობდეს. მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს შეხვედრის ფარგლებში შემუშავებული გაკვეთილის გეგმა, მაგრამ იგი მოარგოს თავისი კლასის შესაძლებლობებს, საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

სტანდარტული გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გაცნობა:

მასწავლებელბი გაეცნობიან სტანდარტული გაკვეთილის შეფასების რუბრიკას, რადგან გაითვალისწინონ რა კრიტერიუმებით მოხდება მათი შეფასება.

 

შეჯამება

  არ არსებობს ეფექტური დაგეგმვის ერთი კონკრეტული მოდელი. ასე რომ, დაგეგმარებისას ‘’ერთი საზომი ყველას ვერ მიუდგება”. რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს გაკვეთილის გეგმა, მაინც ადაპტირებას საჭიროებს კონკრეტულ სიტუაციასთან მიმართებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეხვედრა №3

შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი

მონაწილე მასწავლებელების რაოდენობა 9

თარიღი

22.11.2018 წელი.         14:00სთ. – 16:00სთ.

შეხვედრის მიზანი

ü  მასწავლებელმა  შეძლოს  დაეუფლოს რეფლექსიის  წერის კულტურას.

ü  რეფლექსის შეფასების რუბრიკის გაცნობა.

შეხვედრის ძირითადი საკითხები

ü  რეფლექსიების  წერის  სპეციფიკის  გაცნობა /პარაქტიკული  მუშაობა.

ü  რეფლექსიის ნიმუშის განხილვა.

ü  რეფლექსის შეფასების რუბრიკის გაცნობა.

აქტუალობა

    მასწავლებელი სულ ძიების პროცესში უნდა იყოს და ეს ძიება საკუთარ თავში უნდა მოახდინოს. მხოლოდ საკუთარი პრაქტიკის მიუკერძოებელი და თვითკრიტიკული ანალიზითა და შეფასებით არის შესაძლებელი მიზანმიმართული პროფესიული წინსვლა. თითოეულმა მასწავლებელმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, რაში მდგომარეობს თავისი სისუსტე და ძლიერება, თავის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რომელი აქტივობა არის წარმატებული თუ წარუმატებელი, მოკლედ: რა როგორ მოქმედებს? რა არის მისი ძლიერი მხარე? რა უნდა გააუმჯობესოს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში და როგორ? ამიტომაც სქემის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების რეფლექსია მხოლოდ მაშინ ფასდება დადებითად თუ ის ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას დააგროვებს.

მასწავლებლები მუშაობენ პრაქტიკულად რეფლექსის წერაზე, შემდეგი მითითებების გათვალისწინებით:

რა არის რეფლექსია?

ü  რეფლექსია (ლათ. reflexio) ნიშნავს „უკან მიბრუნებას“, ფიქრს საკუთარ „მეზე“, მდგომარეობაზე, საქციელზე, წარსულ მოვლენებზე. ამრიგად, ეს არის „საუბარი საკუთარ თავთან“.

ü  რეფლექსია არის ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების, შესაძლებლობებისა და უნარების გაცნობიერება.

ü  როგორც წესი, რეფლექსია ჩვენს ხელთ არსებულ ცოდნასა და წარსულში მიღებულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული.

 

ü  რეფლექსია დაკავშირებულია მიზანმიმართულებასთანაც, ვინაიდან ადამიანი მიზნის დასახვისას თავისებურად გაიაზრებს კიდეც, როგორ მიაღწიოს მას. 

რეფლექსიის მთავარი კომპონენტები:

ü  მასწავლებელი აანალიზებს და აფასებს მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, მიღწეულ შედეგებს;

ü  მასწავლებელს დასაბუთებული აქვს გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების ეფექტურობა მიზნის მისაღწევად;

ü  მასწავლებელი აღნიშნავს, მოხდა თუ არა გაკვეთილის გეგმის / განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირება გაკვეთილის მსვლელობისას, აღწერს და ასაბუთებს ამ ცვლილებების აუცილებლობას;

ü  მასწავლებელი აანალიზებს გამოვლენილ ხარვეზებს / დაშვებულ შეცდომებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები, სახავს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესების გზებს;

რეფლექსიისთვის საჭირო სიტყვათა წყობაა:

1.       საინტერესო იყო..

2.       ყველაზე უკეთ გამომივიდა…

3.       ჩემი განწყობა…

4.       მე ვისწავლე…

5.       დღეს გაკვეთილზე მე შევძელი…

6.       გაკვეთილმა მომცა…

7.       გაკვეთილის დროს მე…

8.       რთული აღმოჩნდა…

9.       მე შევასრულე გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა…

10.    მე გავიგე, რომ…

11.    მე ახლა შემიძლია…

12.    მე შევიძინე…

13.    მე ვისწავლე…

14.    გაკვეთილი მომეჩვენა…

15.    ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ…

16.    მე მნიშვნელოვანი მომეჩვენა…

რეფლექსიის ნიმუშის განხილვა

ხდება მასწავლებლების მიერ დაწერილი რეფლექსიების შედარება სანიმუშო რეფლექსიასთან და განხილვა ( რეფლექსიების წერა ხდება  ჩატარებული გაკვეთილის საფუძველზე).

რეფლექსიის შეფასების რუბრიკის გაცნობა

მასწავლებლებს გავაცანი რეფლექსიის შეფასების რუბრიკა და თვითონვე მოახდინეს თავიანთი ნამუშევრების შეფასება აღნიშნული რუბრიკის საშუალებით.

 

შეჯამება

რეფლექსია პრაქტიკის ანარეკლია. იმისათვის, რომ ვიყოთ რეფლექსური მასწავლებლები, უნდა ჩამოვიყალიბოთ გარკვეული დამოკიდებულებები: გახსნილობა, პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგულება. მასწავლებლებს სჭირდებათ მზაობა, რათა კრიტიკულად შეხედონ როგორც საკუთარ, ისე კოლეგების იდეებსა და პრაქტიკას.

რეფლექსური უნარები მასწავლებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი თავი გამოიყენოს როგორც რესურსი პროფესიული განვითარებისთვის. 

 

 

 

 

 

 

 

მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი:  ჟულიეტა სურმანიძე

 

გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრების ეფექტურობა: 1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

რატომ იყო ეს შეხვედრაები  სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის

  გავეცანი სასწავლო გეგმების ტიპებს და ეს ჩემთვის ძალიან მნისვნელოვანი იყო, დაგეგმვის ძირითადი კომპონენტები ჩემთვის აქამდეც გასაგები იყო მაგრამ, კოლეგებთან ერთად დაგეგმილი და განხილული პროდუქტი ხარისხობრივად ვფიქრობ უფრო დახვეწილი პროდუქტი გამოვიდა.

რეფლექსიის წერის გამოცდილება არასოდეს მქონია, ჩვენ დეტალურად გავიარეთ მესამე შეხვედრაზე რეფლექსიის მთავარი კომპონენტები, ჩამოვაყალიბეთ რეფლექსიისათვის საჭირო სიტყვათა წყობა.

სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის.

მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრები იმითაც ,რომ ერთმანეთს გავუზიარეთ ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და აქტივობების გამოყენებისა და დანერგვის აუცილებლობა ,ასევე ბევრი ვისწავლეთ ერთმანეთის პრაქტიკიდან.

 

 

 

 

მასწავლებელი:                  ჟ.სურმანიძე

 

No comments:

Post a Comment